მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზეთამზე" პურის წარმოების ტექნოლოგიის კურსის ამოქმედებას გეგმავს

მზეთამზე

პურის მწარმოებელი კომპანია "გემოვანი პური - მზეთამზე" მიმდინარე წელს პურის წარმოების ტექნოლოგიის სასწავლო კურსის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა.

როგორც ჩავლეიშვილმა აღნიშნა, სექტორში კადრების ნაკლებობის გამოწვევის საპასუხოდ, კომპანიამ გადაწყვიტა, ყველა დაინტერესებულ პირს გრძელი და მოკლევადიანი სასწავლო კურსები შესთავაზოს, რომელიც გადაიარაღებულ საწარმოში ჩატარდება. ამ დროისთვის კი საწარმოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სექტორში კადრების იმდენად დიდი პრობლემაა, რომ მივედით გადაწყვეტილებამდე, პურის ცხობით დაინტერესებული, მონდომებული ადამიანები საწარმოში მოვიყვანოთ და მათ საჭირო განათლება მივცეთ. გვინდა, რომ პურის ტექნოლოგიის შესწავლა მასშტაბური გავხადოთ და ეს მიმართულება კურსის სახით ჩამოვაყალიბოთ.

ვიზრუნებთ იმაზე, რომ ადამიანებმა თავიანთი თავი გამოცადონ რეალურ წარმოების პროცესში, იქნება ეს თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, პურის ცხობის სტანდარტს შევქმნით, მინიმუმ ფერმენტაციის ნაწილში. კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება და პირველ ჯერზე 20-30 ადამიანს გადავამზადებთ“,- აცხადებს ჩავლეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საწარმოს გადაიარაღების შემდეგ 1 საათში დაახლოებით 1500 პურის გამოცხობა იგეგმება, ხოლო საწარმოო ციკლის ასაწყობად, 300 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციისთვის, კომპანია "მზეთამზე“ ბაზარზე 2015 წელს დაფუძნდა. 0,5 კილოგრამიანი ბუნებრივი საფუვრით დამზადებული პრემიუმ ხარისხის პურის ფასი 3,50-დან 5 ლარამდეა.

ამ დროისთვის, კომპანიას 50-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები