მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზეთამზეს" პური კერძო საბავშვო ბაღებში და სკოლებში შევიდა

5be43dd556def
მაია ბიწაძე
08.11.18 17:41
3795
პროექტი "გემოვანის“ ფარგლებში კერძო საბავშვო ბაღებისა და სკოლების ,,მზეთამზეს“ პურით მომარაგება დაიწყო, ამის შესახებ Bm.ge-ს პროექტის ხელმძღვანელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა. პირველ ეტაპზე ამ ობიექტებში ქართულ ხორბალით დამზადებული ნატურალური პური შეიტანეს, თუმცა სამომავლოდ სხვა პროდუქტების მიწოდებაც იგეგმება.

"ჩვენ უკვე ორი სკოლა და ერთი საბავშვო ბაღი მოვამარაგეთ პურით და ვფიქრობთ, რომ მომდევნი ერთი წლის განმავლობაში თბილისში არსებულ თითქმის ყველა კერძო სკოლასა და საბავშვო ბაღს მოვიცავთ. ამ პროექტით ინტერსდება თითქმის ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ აღსაზრდელების ჯანმრთელობა და შესაბამისად ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია. ამ ეტაპზე ამ ობიექტებში მხოლოდ პური ,,მზეთამზე“ შევიტანეთ, რადგან პური პირველადი მოხმარების პროდუქტია, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ სხვა პროდუქტების შეთავაზებასაც, კერძოდ: ყველის და ნაღების კარაქის, რაც საღი რძისგან იქნება დამზადებული, ასევე კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხალის, კომბოსტოს და სხვა ბოსტნეულის, რომლებიც ქართული გენეტიკისაა და მხოლოდ ორგანული მეთოდებით არის მოყვანილი", - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.

როგორც ,,თბილისსი მწვანე სკოლის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა კახა დავითურმა Bm.ge-ს განუცხადა, მათი სკოლა ერთ-ერთი პირველია, ვინც აღნიშნული ინიციატივა გაიზიარა და სკოლის სასადილოში ქართული ხორბლის პური შეიტანა, რომელიც ქიმიური საფუარის გარეშე, ე.წ "პურის დედაზე", ყოველგვარი დანამატების გარეშე მზადდება.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროდუქტი უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე სხვა პური, მიგვაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ბავშვების ჯანმრთელობა უმთავარესია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი გარემო, ასე ვთქვათ სწორი სააღმზრდელო პროცესი, ასევე ჯანსაღი კვება. რადგან საქართველოში დიდი არჩევანი ჯერ-ჯერობით არ არის, პროდუქტების გარანტირებული ხარისხისა, რა სეგმენტშიც არის ეს ხარისხი, ვცდილობთ იქ მაინც მოვახერხოთ ბავშვებისთვის ნატურალური საკვების მიწოდება. ეს იყო ჩვენი ძირითადი მოტივაცია, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა კახა დავითურმა.

იგივეს განმარტავს კიდევ ერთი სკოლის "ნიუტონის" დირექტორი გიორგი მელაძე და ამბობს, რომ უკვე ერთი კვირია მათ აღსაზრდელებს ქართული ჯიშის ხორბალზე დამზადებულ პურს "მზეთამზეს" სთავაზობენ.

"პირველადი დაგემოვნების შემდეგ ბავშვებმა იუცხოვეს ამ პურის გემო, თუმცა ეს არ გაგვკვირვებია, რადგან ის ნაკლებად ტკბილია სხვა პურთან შედარებით, ამ პურს უფრო მომჟავო, სპეციფიური გემო აქვს. ჩვენ ვუხსნით ბავშვებს, თუ რატომ არის ეს ასე და როდესაც მიხვდებიან, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის უკეთესია, ვფიქრობთ მიეჩვევიან. ჩვენ მოვახდინეთ მშობლების ინფორმირებაც და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს. მათი რეაქციები სხვადასხვაა, თუ ამან იმუშავა ყველასთვის პოზიტივი იქნება. ეს უფრო ძვირიანი პროდუქტია, თუმცა ეს მშობლებისთვის გადასახადში არ ასახულა „ - განაცხადა გიორგი მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბრენდი "გემოვანი“ ქართული გენეტიკის სურსათს აერთიანებს და პროექტის მიზანია, ასეთი სურსათის წარმოების ზრდა და პოპულარიზაცია. პროექტი "გემოვანი", "პური მზეთამზეს“ ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები