მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზეთამზეს" პური წარმოებას ქუთაისში დაიწყებს" - კომპანიის გეგმები

მზეთამზე

კომპანია "გემოვანი" პარტნიორებთან ერთად "მზეთამზეს" ბრენდის პურის წარმოებას, თბილისის შემდეგ ქუთაისშიც დაიწყებს. კომპანია, რომელიც ბაზარზე საკუთარი ტექნოლოგიით პურს "მზეთამზეს" ბრენდით ყიდდა, სექტემბრიდან ხარისხის მაკონტროლებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა და პურის წარმოება დროებით შეაჩერა.

თუმცა "გემოვანის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩავლეიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ კომპანიის პური ქუთაისში ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ საწარმოში გამოცხვება და მთელი დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებს მოამარაგებს. "გემოვანის" დამფუძნებლები საწარმოს დასახელებას არ აკონკრეტებენ.

"მალე მზეთამზეს პური ქუთაისში დაიწყებს წარმოებას და დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებს, კერძოდ ბათუმს, ზუგდიდსა და ოზურგეთს მოამარაგებს. ეს მანამდე, სანამ ამ ქალაქებშიც არ ავაწყობთ დიდ წარმოებებს. საერთო ჯამში, 3-დან 5 წლის ჭრილში ბაზრის 5%-ის ორგანიზებას ვფიქრობთ. გვინდა, რომ ათობით ასეთი საწარმო გავაკეთოთ და ბაზრის დეცენტრალიზაცია მოვახდინოთ.

ქუთაისშიც, თბილისის მსგავსად დღეში 5000 პურის წარმოება იგეგმება. მოთხოვნა ყოველთვის მიწოდებას აჭარბებდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სატესტო რეჟიმში ვმუშაობდით, წარმოება არ გაგვიზრდია. ახლა ვგეგმავთ ამ აიპ-ის ფარგლებში რესურსების მობილიზებას სამი მიმართულებით. პირველი, მოთხოვნის შექმნა ამგვარ პროდუქტებზე, მეორე არის წარმოების ხელშეწყობა, რომელიც ხარისხის ნიშნით კონტროლს გულისხმობს და მესამე არის რეალიზაციის ხელშეწყობა.

გეგმაში გვაქვს უბნის მაღაზიების ათვისებაც, სადაც ხარისხიანი რძისა და ხორცპროდუქტები იყიდება და მომხმარებლების ნაკადი იქ დაბალი ფასებით არ არის განპირობებული. ხარისხიანი საკვებისთვის იქ ბევრი ადამიანი დადის. გვინდა, რომ ასეთ მარკეტებში "მზეთამზეს" თაროები გავაკეთოთ. უკვე სამი სატესტო მაღაზია გვაქვს, სადაც მოთხოვნას ვქმნით. იქ "მზეთამზეს" პური იქნება დაუჭრელი და ცოტა უფრო მარტივ შეფუთვაში",- განაცხადა ჩავლეიშვილმა.

მისივე ცნობით, გარდა პურის მწარმოებლებისა, გეგმაშია ხორცპროდუქტებისა და რძის პროდუქტების წარმოებებშიც ამგვარი სტანდარტები დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სხვადასხვა საწარმოებთან მოლაპარაკებები უკვე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები