მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იანვრიდან წინასწარ პატიმრობაშია - ჰელსინკის კომისია

მზია ამაღლობელი

აშშ-ის კონგრესში მოქმედი ჰელსინკის კომისია ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობლის პატიმრობას ეხმაურება.

"ქართული ოცნება" ცდილობს დამალოს კორუფცია და დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისუფალი პრესის ჩახშობით. ისინი ცდილობენ გააჩუმონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იანვრიდან წინასწარ პატიმრობაშია", - წერს კომისია X-ზე.

გუშინ, 21 ივლისს, "ბათუმელებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო.

"ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს", - აცხადებენ რედაქციაში.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.

„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად.

ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი უთხრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები