მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.
"საარჩევნო პროტესტი ხდება მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან-მოზამბიკამდე, არის საქართველოში, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ დეკემბრიდან ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა და დღეს 60-ე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებულები არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეკავათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი". გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: "იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე",- განაცხადა მარია რესამ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე მარია რესას წიგნით "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" მივიდა.




























