ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინკსი ამბობს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა აღმაშფოთებელია.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 17 დღეა შიმშილობს, სააპელაციო სასამართლომ არც განიხილა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის სარჩელი.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა აქციები იმართება. მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა). ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 27 იანვარს არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
"მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით. წინასწარი პატიმრობა და სისხლის სამართლის დევნა შუა ხნის ქალისთვის, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში, როცა ტელევიზიით ყველამ ვნახეთ სასტიკი ცემა ნიღბიანი კაცების მხრიდან და არავინ არ არის ბრალდებული. ეს არის უპრეცედენტო და ამიტომ განვიხილავთ წევრ ქვეყნებთან სანქციების გაგრძელებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ერთსულოვნება, არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ შეუერთდნენ ამას, მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობის ერთგულების გათვალისწინებით, შევეცდებით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ერთობა, რაც საჭიროა სანქციების დასაწესებლად... ვიმედოვნებ, რომ [მზია ამაღლობლის პატიმრობა] მალე დასრულდება და ხალხი, რომელიც მართლა პასუხისმგებელია ძალადობაზე, ხალხის დევნასა და ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების დევნასა და ცემაზე, - დაისჯება და სამართლიანობაც დადგება“, - ამბობს ელჩი.