მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია - ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

მაიკლ ო’ფლაერტი

მიმაჩნია, რომ მისი [მზია ამაღლობელის] წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით,- ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის, მაიკლ ო’ფლაერტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში 21-23 იანვრის ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებასთან შეხვედრისას კომისარმა წამოჭრა მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც მან ციხეში მოინახულა.

ევროსაბჭოს ვებგვერდზე განცხადება შემდეგი სახელწოდებით გამოქვეყნდა: "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და LGBTI ადამიანების სტიგმატიზაცია."

კომისარი აკეთებს მოწოდებას, ზომების მიღებაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ო’ფლაერტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ არ ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცველებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების („ტიტუშკის“) მიერ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებებზე 2024 წლის აპრილში და 28 ნოემბრის შემდეგ საჯარო დემონსტრაციების კონტექსტში.

ამასთან დაკავშირებით კომისარი აღნიშნავს, რომ გაფართოვდა სისხლის სამართლის დევნა მომიტინგეების მიმართ, მაგრამ სასტიკი მოპყრობის შესახებ მრავალი სანდო ცნობის მიუხედავად, არცერთი სამართალდამცველი პასუხისგებაში არ მიცემულა, მათ შორის 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კომისარი ყურადღებას ამახვილებს მის ადრინდელ რეკომენდაციაზე, რომ ყველა სამართალდამცავმა უნდა ატაროს სათანადო მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

ის ასევე გამოთქვამს შეშფოთებას პროტესტის ახალი შეზღუდვების გამო, მათ შორის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კომისარი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ასუსტებს საჯარო მოხელეთა დაცვას გათავისუფლებისგან.

კომისარი გამოხატავს თავის შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შემცირების გამო ყოვლისმომცველი დეზინფორმაციისა და სტიგმატიზებული კანონმდებლობის კომბინაციით. მან ხელისუფლებასთან შეხვედრისას დააფიქსირა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული ამჟამინდელი ფორმით.

კომისარი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას „ოჯახის ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ახლახან მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მას მიაჩნია, რომ შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, დისკრიმინაციული და მასტიგმატიზირებელია.

კომისარი აღნიშნავს, რომ ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობა, ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის დაუყოვნებელი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შეუსრულებლობა და სამოქალაქო საზოგადოებაში ძლიერი აღქმა იმის შესახებ, რომ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სამართალი საქართველოს სასამართლოების მეშვეობით, ფაქტობრივად უარყოფს მათ უფლებებს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მიუდგეს ნებისმიერ რეფორმას კანონების ერთობლიობის კუმულაციური გავლენის ყურადღებით გათვალისწინებით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები