დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელ უჩა ნანუაშვილის შეფასებით, „მზია ამაღლობელმა სრულიად გამოააშკარავა ხელისუფლება და ყველას აჩვენა, რამდენად შიშველია ის“.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა სახალხო დამცველმა „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს შიმშილობა, მოიწონა.
„ძალიან კარგია, რომ მზია ამაღლობელი წყვეტს შიმშილობას“, - ამბობს ყოფილი ომბუდსმენი.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ გამოაშკარავების ბრძოლაში მან, პრაქტიკულად, გაიმარჯვა.
„მზია ამაღლობელმა სრულიად გამოააშკარავა ხელისუფლება. ამ დღეებმა აბსოლუტურად ყველას დაანახა, რამდენად შიშველია „ქართული ოცნება“, რომელიც სწირავს ადამიანებს, რომელსაც ჩამოშლილი აქვს ადამიანობის ნიღაბი. ჩვენ ვნახეთ, რომ მოხდა „ოცნების“ სრული დეჰუმანიზაცია. ერთმა ადამიანმა ეს ყველაფერი ძალიან ნათლად აჩვენა მთელ მსოფლიოს.
მართალია, ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს, მაგრამ მსოფლიომ სწორედ მზია ამაღლობელის საქმით გაიცნო საქართველო - მზიას საქმე იყო მკვეთრი მაგალითი შერჩევითი სამართლის და უსამართლობის, რომელიც საქართველოშია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ინფორმაციისთვის: „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობის 38-ე დღეს კვების აღდგენა გადაწყვიტა. „შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა" - აცხადებს მზია ამაღლობელი.