„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს სახაროვის პრემიის ლაურეატად დასახელდა.
სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. ჯილდოს მიზანია დააჯილდოოს ადამიანები, ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ადამიანის უფლებების დაცვისა და აზრის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, პრემია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.
2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. თითოეულ ლაურეატს ჯილდოს სახით 50 000 ევრო გადაეცემა.




























