მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

მზია ამაღლობელი

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორის „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელია.

თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან:

  • მედია-პლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
  • ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
  • საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი)
  • ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
  • მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
  • ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)

Fritt Ord Foundation და ZEIT Stiftung Bucerius აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი გახდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და იგი დაჯილდოებულია ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის.

„ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — ბათუმელები და ნეტგაზეთი. ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

თავისუფალი მედიის კონფერენცია ჰამბურგში, 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების ცერემონია — 6 ნოემბერს. ორივე ღონისძიება ჩატარდება „პრესის თავისუფლების კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 2-8 ნოემბერს იმართება.

2025 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და საპატიმრო სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები