მოძრაობა "Fridays for Future"- ის გამოჩენის შემდეგ, განახლებადი ენერგია მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ჩვეულებრივ ინდივიდს ელექტროენერგიის გამომუშავება წყლისგან ან ქარისგან ნაკლებად შეუძლია, შესაბამისად, რჩება მისი ალტერნატივა - მზის ენერგია, რომელიც გლობალური დათბობისა და დაბინძურებული ეკოლოგიის ფონზე, სულ უფრო აქტუალური და ტრენდულია.
მზის პანელები ბევრი უპირატესობით გამოირჩევიან: უმთავრესად კი, ევროპული საზოგადოებისთვის მათი მუშაობის რიტმია. ენერგიის გამომუშავებას ისინი უწყვეტ რეჟიმში ახდენენ ყოველგვარი ხმაურისა და დისკომფორტის გარეშე. შესაბამისად, ყველაზე პრეტეზნიული მეზობელიც კი, უკმაყოფილებას ვერცერთი მიზეზით ვერ გამოთქვამს. ამას გარდა, მზისგან გამომუშავებული ენერგია ფინანსური კუთხითაც ძალიან საინტერესო და მომგებიანია. მომხმარებელს ის საკმაოდ იაფი უჯდება. კერძოდ, პორტალ Aroundhome-ის ცნობით, თვითწარმოებული მზის ენერგია დაახლოებით, 3,71 ცენტრიდან 11,54 ცენტამდე ღირს, ხოლო ევროპულ ქვეყნებში ქსელიდან მიღებული ელექტროენერგია, საშუალოდ 30 ცენტი ჯდება, სამომავლოდ კი, ფასის რადიკალური ზრდაა მოსალოდნელი. ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაში მნიშვნელოვან კორექტირებასა და ცვლილებებზე საუბარი უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს, რაც ავტომატურად ფასების მასობრივ ზრდას გამოიწვევს. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც მზის ენერგიას აქვს, არის ის, რომ სპეციალისტების მტკიცებით, "სოლარული ფერმებით" გარემოს დაბინძურებაც მინიმუმამდეა დაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ მზის ენერგიის პანელების დასაყენებლად, თავდაპირველად ჯიბეზე ხელის გაკვრაა საჭირო, თუმცა ერთხელ გადახდილი ფულითა და დაყენებული პანელებით 30 წელი მზის ენერგიის უწყეტი საკუთარი წყარო გექნებათ და სერიოზულ დანაზოგს გააკეთებთ.
საშუალო ევროპული ოჯახი, სადაც 3-4 სული ცხოვრობს, წელიწადში დაახლოებით, 4000 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც 1900 ევრო ჯდება. უახლოეს პერიოდში კი ნავარაუდები ტარიფის 3-პროცენტიანი მატება ხარჯებს უფრო გაზრდის, ხოლო კერძო პანელების ფინანსები ასე კი გამოიყურება: პირველ რიგში, საჭიროა სახლის სახურავზე ფართი, დაახლოებით 9.76 კვტ.ტ. (kWp) მზის პანელების დამონტაჟებისთვის, გამომუშავებული ენერგიის შემნახველი და გამანაწილებელი აპარატების ჩათვლით მთლიანობაში აღნიშნული სიამოვნება ევროპულ ქვეყნებში დაახლოებით, 20.000 ევრო ჯდება, აპარატურის 30-წლიანი მუშაობის ფარგლებში მისი საწყისი საფასურის გარდა, დანაზოგი 33.756 ევრო იქნება.
სახურავის გარდა, შესაძლოა, დაყენდეს ე.წ. აივნის მზის ენერგიის პანელებიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში ბევრი სოფელი მთლიანად, მზის საერთო პანელებით მიღებულ ენერგიებზეა გადასული.
ევროპამ საკუთარ თავს უკვე დაუწესა დრო, რომ 2020 წლისათვის მისი სახელმწიფოების ენერგომოხმარების 20% განახლებადი ენერგიის წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს. ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია, რას განავითარებენ ისინი - ჰიდრორესურსებს, მზისა თუ ქარის ენერგიას, გეოთერმულ რესურსებსა თუ სხვას. ევროპა საქართველოსაც ამისკენ მოუწოდებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქარტიის დამკვირვებელ ქვეყანას.
ექსპერტების გათვლებით, მზის ენერგიის განვითარება საქართველოში, რომელსაც აქტიურად იყენებენ დანიაში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში, აშშ-ში, იაპონიასა თუ მეზობელ თურქეთშიც კი, მომგებიანი იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში წელიწადში 250-280 დღე მზიანია.
მსოფლიოს მეცნიერთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მზე დაახლოებით, 4.6 მილიარდი წლისაა. ის დედამიწისგან 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული და ენერგიის ამოუწურავი წყაროა, თან რაც მთავარია, უფასო.