რა პერსპექტივა აქვს საქართველოში მწვანე ენერგეტიკას და როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ცნობადობის ამაღლება ამ კუთხით, ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა გუგა ბარბაქაძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.
"მზის ენერგია და განახლებადი ენერგიები ქვეყანაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება, ამას მოწმობს ის გაზრდილი ინტერესი, რომელსაც ჩვენ თავად ვაფიქსირებთ ხოლმე უკვე მომართვების სახით. გვინდა ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციას, ვინაიდან ძალიან პოზიტიური სიგნალები მოდის ბიზნესისგან. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 60მგვტ სიმძლავრის მზის სადგურებია დაყენებული", - დასძინა გუგა ბარბაქაძემ.
ამასთან, Helios Energy-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სექტორის უფრო მაღალი ტემპით ათვისებისთვის, ცნობადობის ამაღლებაა საჭირო.
"მზის ენერგია საინტერესოა არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს არის განახლებადი და მწვანე ენერგია, ეს ასევე საინტერესოა ფინანსურადაც. ვინაიდან წლიდან წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიები ვითარდება, იაფდება ენერგიის ათვისებაც. 2017 წელს, როდესაც ბიზნესში შემოვედით, 1კვ-ზე ღირებულება $1000-ს სცდებოდა, ახლა ეს ფასი, ფაქტობრივად განახევრებულია და მსოფლიო ტენდენცია მომავალში უფრო მეტ კლებას ვარაუდობს, დღეს ყველაზე იაფი ენერგიის საშუალება მზის ენერგიაა, შესაბამისად, აუცილებელია ამ ინფორმაციის გავრცელება, მოქალაქეების ცნობადობის ამაღლება და სექტორის პოპულარიზაცია", - აღნიშნა დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ გუგა ბარბაქაძემ კომპანიის სიახლეებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა აქვს.
"2023 წელი საკმაოდ წარმატებული წელია, გასულ წელთან მიმართებით, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ამასთან, დავაფუძნეთ მზის ენერგიის ასოციაცია და კიდევ უფრო აქტიურად ვცდილობთ ამ სექტორის პოპულარიზაციას, იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მზის ენერგია წამყვანი ენერგია იქნება ქვეყანაში", - დასძინა მან.