თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟებული მზის ენერგიის სისტემები აეროპორტის ტერმინალის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 1/3-ს დაზოგავს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების რისკის შემცირებას.
"სისტემების გამომუშავების კოეფიციენტი საათში 316 კილოვატია. მზი ენერგიის გადამუშავების სისტემების საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ეს იყო იაპონური მხარის გრანტი, რომელიც ამ სისტემების პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტი შესაძლოა სხვა აეროპორტებშიც განხორციელდეს", - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი, 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იაპონიის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტავ ჯორჯიასა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელდა.

























