მზის პანელების მწარმოებელ საწარმოში, ჯამში, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ამის შესახებ Bm.ge-ის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საწარმოს რემონტი, რის შემდეგაც დანადგარების მონტაჟი დაიწყება.
„მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა აქტიურად აგრძელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ამზადებენ და არემონტებენ შენობას, რომ შემდეგ მოხდეს იქ დანადგარების მონტაჟი. საწარმო 10 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული და წელიწადში 200 მეგავატ სიმძლავრის პანელებს დაამზადებს. იქ 100 ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი გერმანული ინვესტიციით ხორციელდება. კერძოდ, მას გერმანულ-მექსიკური კონცერნი AE SOLAR აკეთებს, რომლის დამფუძნებლებიც გერმანული და მექსიკური კომპანიები არიან.
ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, გალფის ქვეყნებში და ევროპაში გაიყიდება. მისი რეალიზაცია საქართველოშიც იგეგმება.

























