მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ერთხელ კუს ტბის ასახვევში მიწის ნაკვეთი მოვანაცვლეთ, ერთხელ მოხდა იპოდრომის მიმდებარედ კორტების ტერიტორიის მონაცვლება და იქ ახლა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მზიურის მიმდებარედ 18 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მონაცვლეობა. მესაკუთრეებთან ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, მონაცვლეობაზე წინააღმდეგობა არ ყოფილა, იციან, რომ იქ ვერ მოხდებოდა კომერციული ობიექტების განთავსება. მიხარია, რომ მოხდა შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, ტერიტორია 14 ჰექტარია“, - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ღირებულებას, ხმალაძის განმარტებით, ლისის ტბის ტერიტორიის ნაწილის ღირებულება $4 მილიონი ექვივალენტად შეფასდა და ხოლო მზიურის ტერიტორია უფრო ძვირად, თუმცა ვიცე-მერი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ღირებულებაზეა საუბარი.
მისი განმარტებით, მზიურის ახალი ნაწილის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.