კომპანია "ნაბეღლავის" დამფუნებელი ავთანდილ სვიმონიშვილი ქვეყანაში საპენსიო რეფორმას და დაგროვებითი პენსიის შემოღებას მიესალმება. თუმცა, ბიზნესმენი გარკვეულ რისკებზეც საუბრობს.
მისი თქმით, როგორი რეაქცია ექნება ბიზნესს გაზრდილ ხარჯებზე, მისთვის უცნობია, რამდენადაც ხარჯის 5-10 ლარის მატებაც კერძო სექტორისთვის მტკივნეულია.
როგორც სვიმონიშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, თავად, როგორც დამსაქმებელი, დასაქმებულისთვის ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში ჩარიცხვაზე თანახმაა.
მისი თქმით, დაგროვებითმა პენსიამ, შესაძლოა, კარგი ევროპული პრაქტიკის შესაბამისად დადებითი შედეგი გამოიღოს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა პენსიონერებისთვის, რომ მარტო სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხებზე არ იყონ დამოკიდებული.
ავთანდილ სვიმონიშვილი ფიქრობს, რომ სამომავლოდ დაგროვებითი პენსიის განვითარებას კერძო საპენსიო ფონდების გააქტიურებაც მოჰყვება.
საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი პენსია შემოდის. მასში ჩართვა 40 წლამდე ადამიანებისთვის სავალდებულო იქნება, 40 წელს ზემოთ ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი.
კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანი განსაზღრება შემდეგნაირად: ხელფასის 2 %-ს გადაიხდის დამსაქმებელი, ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს შეიტანს თითოეული დასაქმებული; რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი შეიტანენ თავიანთი ხელფასის 4%-ს. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

























