ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ მთავარი მიზნისკენ, რასაც დეცენტრალიზაცია ჰქვია - ამის შესახებ BMG-სთან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით, თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) დაფუძნების უფლება ექნებათ. სსიპ-ებს კი, თავის მხრივ, ლიცენზიების გაცემის უფლება ტაქსის კომპანიებსა თუ სხვა სამსახურებზე.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი შატაკიშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდას და მათთვის ახალი სამართლებრივი ინსტრუმენტების გადაცემას.
„თვითმმართველ ქალაქებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საჯარო სფეროების - სატრანსპორტო, არქიტექტურული, სივრცითი დაგეგმარების, ქონების მართვისა და განკარგვის მიმართულებებით საჯარო სამართლებრივი ინსტრუმენტი, სსიპ-ების სახით გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ მათ მიეცემათ აქამდე არარსებული დამატებითი სამართლებრივი გარანტია და შესაძლებლობა“, - აცხადებს შატაკიშვილი.
მისივე თქმით, სსიპ-ების დაფუძნება ქალაქებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილი და ეფექტური მუნიციპალური სერვისები შექმნან, რაც საბოლოოდ, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.
„თვითმმართველობა თავის არსში იმას გულისხმობს, რომ მათ ჰქონდეთ ერთგვარი დამოუკიდებლობა, მათ შორის, ფინანსურ ნაწილში. წინასწარ იმის განჭვრეტა, თუ რა თანხების მობილიზების შესაძლებლობა ექნებათ ამ ინსტრუმენტის დანერგვა-გამოყენების შემთხვევაში, ეს ცოტა რთულია, გამიჭირდება ამაზე პასუხი.
დეცენტრალიზაციის, მათ შორის ფისკალური დეცენტრალიზაციის ინტერესი და მიზანი არის ის, რომ თვითკმარი გახდეს ქალაქი. შეიქმნას ისეთი სერვისები, მათ შორის დაჩქარებული წესით, რაც დამოუკიდებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს ქალაქებს, რათა ამ ნაწილშიც ცენტრალურ ბიუჯეტზე არ იყვნენ მხოლოდ დამოკიდებულნი.
ეს მექანიზმი რამდენიმე წელიწადია თბილისში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს - არქიტექტურის სამსახური და სხვა უწყებები სსიპ-ების სახით მოქმედებენ. ამან გაამართლა და შემდეგი ეტაპია ამ შესაძლებლობის სხვა თვითმმართველი ქალაქებისთვის მიცემა. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მთავარი მიზნისკენ, რასაც დეცენტრალიზაცია ჰქვია“, - აცხადებს შატაკიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას არ გამოიწვევს, რადგან მუნიციპალიტეტებში უკვე არსებული სამსახურების რეორგანიზაცია მოხდება.
კითხვაზე, თუ რამდენად აქვთ ქალაქებს მზაობა, გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი, შატაკიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტები მას აუცილებლად გამოიყენებენ.
საკანონმდებლო პაკეტმა პარლამენტში უკვე გაიარა კომიტეტის სხდომა მეორე მოსმენით და უახლოეს დღეებში მას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებს ტაქსის ლიცენზიის გაცემა შეეძლებათ. რეკლამის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით კი, მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ დააფუძნონ შესაბამისი სსიპ-ები, რომლებიც ლიცენზიებს გასცემენ და გარე რეკლამებს დაარეგულირებენ.
საქართველოში თბილისის და ბათუმის გარდა სულ რამდენიმე ქალაქს აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ესენია: ქუთაისი; რუსთავი და ფოთი. შესაბამისად, სწორედ ამ ქალაქების საკრებულოებს მიეცემათ უფლება გამოსცენ კანონქვემდებარე აქტები, განსაზღვრონ გარე რეკლამის ლიცენზია და დააწესონ შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები.




























