ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლიდან მოყოლებული იზრდება.
ამის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სხვა ტიპის თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიც უწყობს.
დღეს უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი 60 თეთრია, ფილტრიანის შემთხვევაში კი - აქციზის გადასახადი 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს.
როდესაც მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების უფილტრი სიგარეტს ყიდულობს, მას ფილტრი საჩუქრად მოჰყვება, შესაბამისად, ასეთი თამბაქოს ფასი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით დაბალია.
თამბაქოს საერთაშორისო კომპანიები აცხადებენ, რომ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებით სახელმწიფო დაახლოებით, 100 მილიონ ლარს კარგავს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რამდენად შესაძლებელია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი ერთმანეთს გაუთანაბრდეს.
სანამ აქციზის ერთიანი განაკვეთი დადგინდება, ადგილობრივი მწარმოებლები მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე უფილტრო სიგარეტის წარმოებას ზრდიან.
ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც.
2015 წელს შემოსავლების სამსახურმა სულ 25,6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გასცა აქციზური მარკა, 2017 წელს ეს რიცხვი 79 მილიონ კოლოფამდე გაიზარდა, მიმდინარე წლის 10 თვეში კი, უფილტრო სიგარეტზე 75,3 მილიონზე მეტი აქციზური მარკაა გაცემული.