მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობა ოჯახური ტრადიცია იყო, პროფესიად მაინც ინჟინერია აირჩია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ამ სფეროს არ გაკარებია, აბსოლუტურად ჩამოშორდა სოფელსაც და თავი სხვა მიმართულებით დაიმკვიდრა. როგორც თავად ამბობს, 2014 წელს ნაჩუქარმა ერთი ფუტკრის ოჯახმა ისევ "სოფლისკენ შემოაბრუნა".
"სწორედ ამან მიბიძგა გამეგრძელებინა ოჯახის ტრადიცია და ქალაქის ხმაურსაც მოვშორებოდი",- ამბობს კონსტანტინე ლომთაძე.
ევროპის ქვეყნებში ვიზიტებმა დაარწმუნა, რომ დიდ და სტაბილურ ბაზარზე პროდუქციის რეალიზებას მაღალი სტანდარტების გარეშე ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ ფერმერს სერთიფიკატის აღება და წარმოების გაფართოება სურს.
სირთულეების მიუხედავად ბიზნესმენს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. უპირველესად კი საწარმოო დანადგარის შეძენას და თაფლის ჩამოსხმა-დაფასოებას აპირებს. მეწარმეს სჯერა, რომ ეს მის პროდუქტს კონკურენტუნარიანს გახდის და რეალიზებას გაუმარტივებს.
კონსტანტინე ლომთაძეს აგროტურიზმის მიმართულებითაც სურს ბედის ცდა. აპირებს, სათაფლიის მიმდებარედ ვიზიტორების ცენტრი მოაწყოს, სადაც ტურისტებს თაფლის და მისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების და დაგემოვნების საშუალება ექნებათ.
ფერმერი ფიქრობს, რომ დღეს ქართული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცოდნა და შესაბამისი განათლებაა. სწორედ ამიტომ მისი მიზანი თანამედროვე სტანდარტებზე გადაწყობა და ცოდნის გარღმავებაა.
წელს პირველად კომპანია "მუშა ფუტკარი“ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. კომპანიას გამარჯვება „წლის მცირე ბიზნესის“ კატეგორიაში სურს. მეფუტკრე ამბობს, რომ ბიზნესდაჯილოებაში მონაწილეობა ცნობადობის გაზრდასა და სხვა კომპანიებთან კომუნიკაციაში დაეხმარება, რაც მისი ბიზნეს გეგმების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.



























