მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნადი გრუპი“ 2022 წლის II ნახევრიდან EU-ში ლოკოკინის ექსპორტს გეგმავს

61e5615f1614c
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.22 10:10
1417
ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია „ნადი გრუპი“, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს, აგვისტოსთვის როგორც ცოცხალი, ასევე გადამუშავებული ლოკოკინის გატანას ევროკავშირის ქვეყნებში - იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მიმდინარე წლის აგვისტოდან შეძლებს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ნადარაია განმარტავს, რომ ევროპის მიმართულებით ექსპორტის განხორციელებას, ევროკავშირის მიერ საქართველოს იმ ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილებით შეძლებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ლოკოკინის ექსპორტს ახორციელებენ. ის განმარტავს, რომ მათ მიერ ლოკოკინების ფერმის ამოქმედებიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამ საკითხზე მუშაობდნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო წლების მანძილზე ევროპის მიმართულებით დასახულ გეგმებს ვერ ახორციელებდნენ, ევროკავშირის ბაზარზე არსებული რეგულაციები იყო.

„გასული წლის დეკემბერში ევროკავშირში ლოკოკინების გატანის შესახებ ნებართვა მივიღეთ. ყველა ფერმერი ამ მიღწევით კმაყოფილი იქნება, რადგან დღეს ძალიან ბევრი ფერმერია დაკავებული ამ საქმიანობით, ჩვენი ჩართულობით ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალური გახდა და ამ საქმიანობაში სხვა საერთაშორისო კომპანიებიც ჩაერთვნენ. საქართველოში დღეისთვის ლოკოკინის ბიზნესით, დაახლოებით 100-მდე ფერმერია დაკავებული.

„ნადი გრუპის“ მიერ ექსპორტი ამ დრომდე პირველ რიგში იმიტომ არ განხორციელდა, რადგან მოთხოვნა სხვადასხვა სანაშენე მეურნეობისთვის ადგილობრივ ბაზარზეც იყო. დღესაც დიდი რაოდენობით ლოკოკინა გვჭირდება, რომ ადგილობრივი ფერმერები სანაშენე ლოკოკინებით უზრუნველვყოთ, მაგრამ 2022 წელს ჩვენ დაახლოებით 300 ტონა ლოკოკინის გატანას ევროკავშირის ქვეყნებში - იტალია, საფრანგეთში, ესპანეთი შევძლებთ. ექსპორტის განხორციელებას აგვისტოდან, მას შემდეგ დავიწყებთ, რაც „ნადი გრუპი“ სენაკის მუნიციპალიტეტში ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანას აამოქმედებს. შედეგად ევროპის ქვეყნებში როგორც ცოცხალ, ასევე გადამუშავებულ ლოკოკინას გავიტანთ“, - აღნიშნა ნადარაიამ და დასძინა, რომ უშუალოდ კომპანია ექსპორტზე 120 ტონა ლოკოკინის გაგზავნას გეგმავს, ხოლო საქართველოს მასშტაბით კომპანიის ქოლგის ქვეშ მოქმედი 52 ფერმიდან მიღებული საექსპორტო მოცულობა ასევე 120 ტონამდე იქნება.

ცნობისთვის, 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე შემოსული ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ დღეისთვის 14 ჰა-ზე განთავსებულ მეურნეობას მართავს და წლიურად 60-70 ტონა პროდუქტს აწარმოებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები