თბილისში მეტროპოლიტენის თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის განთავსებისა და ტექნიკური მომსახურების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, ე.წ. Design-Build მეთოდით დეპოს პროექტირება-მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა. პროექტი გულისხმობს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კახა ტორჩინავას N3-ში მდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტროდეპოს მოწყობას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის 2026 წლის ბიუჯეტში დეპოს მშენებლობისთვის 5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
შესყიდვის ობიექტი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სრულმასშტაბიან სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოებს Design-Build მოდელით, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტირებაზე, ისე ინფრასტრუქტურის სრულად აშენებასა და ექსპლუატაციაში გაშვებამდე პროცესის მართვაზე.
საპროექტო დავალების მიხედვით, დეპო უნდა უზრუნველყოფდეს არანაკლებ 40-60 ვაგონის ერთდროულად განთავსებას და 80-120 ვაგონის ტექნიკურ მომსახურებას. ინფრასტრუქტურა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემებით, საინჟინრო ქსელებითა და უსაფრთხოების კომპონენტებით.
სამუშაოები მოიცავს:
- ტერიტორიის სრულ შემოღობვას;
- მთავარ და საგანგებო-საევაკუაციო შესასვლელ-გასასვლელებს;
- შემყვან და გამყვან ლიანდაგებთან მიერთებას;
- დახურულ სასადგომო სივრცეებს მოძრავი შემადგენლობისთვის;
- ადმინისტრაციული და საწარმოო შენობების მოწყობას;
- სამრეცხაო ნაგებობას;
- სასაწყობე მეურნეობას კატეგორიზაციის მიხედვით;
- ენერგომომარაგების ქვესადგურსა და მაღალი ძაბვის საკაბელო ქსელს;
- წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებს;ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწვანებას და მოძრაობის უსაფრთხოების ნიშნებს.
დეპოს ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ გათვალისწინებული უნდა იყოს მეტროპოლიტენის მეორე ხაზის ე.წ. საბურთალოს ხაზის უმოკლესი გზით მომარაგება პირველ ხაზთან არსებული შემაერთებელი შტოს საშუალებით, მანევრის გარეშე.
საპროექტო სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე მომწოდებელმა უნდა მოამზადოს კონცეპტუალური პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით და შეათანხმოს დამკვეთთან. კონცეფციის საფუძველზე დამუშავდება დეტალური დიზაინი, რომელიც ასევე დაექვემდებარება შეთანხმებას.
დოკუმენტის თანახმად, დეპოს შიდა სარკინიგზო ქსელი, ელექტროფიკაცია და სიგნალიზაციის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ან საერთაშორისო სტანდარტებს. დეპოს მართვის სისტემა (Depot Control System – DCS) უნდა იყოს აგებული თანამედროვე მიკროპროცესორულ ბაზაზე და უზრუნველყოს მოძრაობის მართვა როგორც დეპოს შიგნით, ისე შემაერთებელ შტოზე.
სისტემას უნდა ჰქონდეს ფუნქციური უსაფრთხოების დონე არანაკლებ SIL4 (IEC 61508, EN 50126, EN 50128, EN 50129 სტანდარტების შესაბამისად). ასევე განსაზღვრულია მაღალი საიმედოობის მაჩვენებლები: მზადყოფნის კოეფიციენტი არანაკლებ 99.98%, 24-საათიანი უწყვეტი მუშაობის რეჟიმი და მინიმუმ 15-წლიანი ექსპლუატაციის ვადა.
ადმინისტრაციული შენობა უნდა მოიცავდეს საოფისე სივრცეებს, სათათბირო ოთახებს, სასადილოს, მემანქანეებისთვის დასაძინებელ ოთახებსა და სასწავლო-საგამოცდო ფართს. საწარმოო შენობაში გათვალისწინებულია ტექნიკური მომსახურებისა და მიმდინარე, საშუალო და კაპიტალური რემონტისთვის საჭირო სრული ტექნოლოგიური აღჭურვა, მათ შორის 4-ვაგონიანი მატარებლის აწევის შესაძლებლობის მქონე ამწე მოწყობილობა და ელექტრონული დიაგნოსტიკის ლაბორატორია.
სამრეცხაო უნდა უზრუნველყოფდეს მოძრავი შემადგენლობის რეცხვას მინიმუმ 20 ბარის წნევით და დახურული წყლის რეცირკულაციის სისტემით, სადაც სუფთა წყლის წილი არ უნდა აღემატებოდეს მთლიან მოხმარების 20%-ს.
სასაწყობე მეურნეობა უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების მართვისა და სახიფათო ნარჩენების შეგროვების სპეციალურ მოთხოვნებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მიმწოდებელი ვალდებულია სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებამდე ჩაუტაროს ტრენინგი დამკვეთის პერსონალს. ასევე გათვალისწინებულია ინფორმაციის დაცვის სპეციალური ღონისძიებები, პროგრამული დაცვა არასანქცირებული წვდომისგან, მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლები და ეტალონური პროგრამული უზრუნველყოფის შენახვა.



























