პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიასთან სპორტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთელების მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა ფონდი “ქართუს” მიერ “ძალიან დასაფასებელია”. ამის შესახებ კობახიძემ ქაშვეთი-კობის გვირაბის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
“ჩვენთვის, მთავრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და ფონდი “ქართუს” მიერ ნაკრების მიმართ ეს მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებით ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის დიდი მადლობა ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კარები ევროპის ჩემპიონატზე, რაც შეიძლება, წინ წავა, ყველა ვგულშემატკივრობთ მათ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, დამატებით ₾30 მილიონით კი ქვეჯგუფიდან გასვლის შემდგომ, ყოველი მოგებული მატჩისთვის დააჯილდოებს.
კობახიძემ დაანონსებულ სტადიონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სპორტული მოედანი სჭირდება, რადგან ეს საქართველოს უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობის საშუალებას მისცემს.
“სტადიონი ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ მხარდაჭერის განსაკუთრებული გამოხატულებაა. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. სხვადასხვა სირთულეებია არსებულ სტადიონებზე, მათ შორის, დინამოს სტადიონზე, სადაც ტევადობა 51 ათასია. ჩვენ გვჭირდება 70 ათასიანი სტადიონი იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ, უმაღლესი რანგის მატჩებს ვუმასპინძლოთ დედაქალაქში”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ჩემპიონთა ლიგის 2028 წლის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს შეიტანს, მანამდე კი, ვაზიანში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა დასრულდება.
თბილისში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ მთავრობა სტადიონის აშენებას გეგმავს