პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ნამახვანჰესის" პროექტი ბრიუსელიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს. მან ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
$800-მილიონიანი პროექტის ჩაშლაზე, რომელზეც ქვეყანა ინვესტორთან საარბიტრაჟო დავაშია, პაპუაშვილი პასუხისმგებლობას სამ არასამთავრობო ორგანიზაციას აკისრებს.
მისი თქმით, "ნამახვანჰესის ისტორია ყველაზე კარგი დასტურია, რომ გამჭვირვალობის კანონი ყველაზე ქართული კანონია".
"ამ დღეებში კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ნამახვანჰესის თემა, სადაც ჯერ კიდევ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, თუმცა არის რისკი, რომ 400 მილიონი დოლარი დაეკისროს საქართველოს ბიუჯეტს გადასახდელად იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც ფაქტობრივად გააგდეს აქედან უცხოეთიდან დაფინანსებულმა აგენტურამ. გარდა იმისა, საქართველომ მიიღო ზიანი იმით, რომ ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი არ განხორციელდა. დამატებით, შეიძლება საქართველოს ბიუჯეტიდან მოგვიწიოს ანაზღაურება იმ ზიანისა, რომელიც მიაყენეს მათ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა. შეგახსენებთ, რომ მაშინ ამ კამპანიას სრულად კურირებდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „მწვანე ალტერნატივა“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საია“. სამივე დაფინანსებული ბრიუსელიდან და სხვადასხვა წყაროდან. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ აბსოლუტური ფარსი იყო, რაც მაშინ მოაწყვეს, სრული დეზინფორმაცია, მართლაც ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე იმისთვის, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლილიყო და ეს პროექტი ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ჩაშალეს. ასე რომ, ეს ფაქტია, ნამახვანჰესის ისტორია ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი შეიძლება მიიღოს პარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ემსახურება ქართულ ინტერესებს და აი, მავნებლობა, რაც ჩაიდინეს ბრიუსელიდან დაფინანსებულმა ხალხმა და ჩაშალეს ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი, ასეთი მავნებლობა ვეღარ მოხდება", - ამბობს პაპუაშვილი.
ENKA-სთან დაკავშირებული კომპენსაციის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 2026 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხის აღსრულება დაუშვა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საქართველოს ENKA-სთვის $297 მილიონი ძირითადი კომპენსაციის, $52.4 მილიონამდე საგადასახადო კომპენსაციისა და დამატებითი თანხების გადახდა დაეკისრა. თანხებზე ასევე გათვალისწინებულია SOFR-ს დამატებული 4%-ის ოდენობის პროცენტი. აღნიშნული თანხები 2026 წლის მდგომარეობით დარიცხული პროცენტის ჩათვლით 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, განაცხადა, რომ სახელმწიფო კოლუმბიის ოლქის სასამართლოს განაჩენსაც გაასაჩივრებს.
რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.
"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
























