ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მთავრობას აქვს განცდა, რომ DCFTA-ს სარგებლის შესახებ ბიზნესსა და მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობაა. ამის შესახებ მან "ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს პრეტენზია აქვს თავად ბიზნესსაც, ამიტომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაცია მიიტანოს კერძო მეწარმეებამდე.
"კერძო სექტორიდან არის პრეტენზია, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არსებობს DCFTA-ს შესახებ და ჩვენც გვაქვს იგივე განცდა, რომ ნამდვილად არ არის საქართველოს მოსახლეობასთან მიტანილი ინფორმაცია, თუ რა სარგებელი ახლავს ამ ხელშეკრულებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვატარებთ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს, გავდივართ რეგიონებში, ვესაუბრებით ფერმერებს ამ შეთანხმებების შესახებ, იმ გამოწვევევის შესახებ, რომელიც არსებობს და იმ რეფორმების შესახებ, რომელიც უნდა გატარდეს. ასევე ვსაუბრობთ, თუ რას გეგმავს მთავრობა იმისთვის, რომ გარდამავალი პერიოდი, რასაც ახალი კანონების მიღება ჰქვია და რომელიც შესაძლოა, მტკივნეული იყოს ბიზნესისთვის, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს ამ ადამიანებისთვის",- აცხადებს გენადი არველაძე.

























