"ჰესი რომ აშენებულიყო და მომხდარიყო ის, რაზეც ვლაპარაკობდით, მერე ვისთვის უნდა მოეკითხათ?", - ასე პასუხობენ "მწვანე ალტერნატივაში" ირაკლი კობახიძესა და ექსპერტებს, რომლებიც ENKA-ს მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაციას არასამთავრობო სექტორის ნაბიჯებს აბრალებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე მიიჩნევს, რომ "ნამოხვანჰესი" პრობლემური საკითხი იყო.
"ჰესი რომ აშენებულიყო, ყველა სცენარი რომ ამხდარიყო, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, მერე ვისთვის უნდა მოეკითხათ? ეგ არის "ქოცური" ლოგიკა, როდესაც ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო და არ ითვალისწინებ სხვა ადამიანების აზრს. "ნამოხვანი" იყო პრობლემატური პროცესი, ჰესის მშენებლობა თუ შესაძლებელი იყო, ეს პროცესი კანონმდებლობის ქვეშ უნდა წარმართულიყო.
როდესაც ვლაპარაკობთ ასეთ დიდ პროექტებზე, ასეთი დიდი კონტრაქტების ხელმოწერა, ნებართვების გაცემა ისე, რომ არ არის შესწავლა დამთავრებული და კივილი იმაზე, რომ ეს არის პატრიოტიზმი, სწორი არ არის. ამასთან, შეგახსენებთ, რომ "ენკა" არის კომპანია, რომელიც რუსეთში ძალიან მიღებული კომპანიაა, რომელმაც კრემლი გაარემონტა და ამჟამად უამრავი დეველოპერული პროექტი აქვს მოსკოვში. მას არ აქვს განხორციელებული არცერთი დიდი ჰესი. გამოცდილება ჰესების მშენებლობაში არ აქვს", - განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.