Forbes Georgia-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების ჯგუფის მმართველ დირექტორთან ნანდიტა პრაშადთან საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
პრაშადის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის რეგიონალური განვითარებისა და დასაქმების ერთ-ერთი ხელშემწყობია. პრაშადი ამბობს, რომ EBRD საქართველოში საპორტო და ენერგეტიკული პროექტების განვითარების მხარდამჭერია.
ინტერვიუ ნანდიტა პრაშადთან:
გიორგი ისაკაძე: თქვენი აზრით რამდენად უწყობს ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მდგრად განვითარებას ხელს? არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც.
ნანდიტა პრაშადი: ინფრასტრუქტურა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი და მოსახლეობისთვის ცხოვრების გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებისას შეიძლება იფიქროთ რატომ ვაკეთებთ ამას, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტებია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში თქვენ დაინახავთ შედეგს. რეგიონალური ინტეგრაცია, ვაჭრობა, დასაქმება და რაც მთავარია ხელმისაწვდომობა.
გიორგი ისაკაძე: EBRD საქართველოში მონაწილეობს ისეთ პროექტებში, როგორიცაა დარიალის ჰიდროელექტროსადური. სად არის ოქროს შუალედი, რომელსაც საქართველო უნდა გაჰყვეს, რომ ერთი მხრივ გამოიყენოს ის ბუნებრივი რესურსები, წყლის რესურსებს ვგულისხმობ, ხოლო მეორე მხრივ კი, შეინარჩუნოს გარემო?
ნანდიტა პრაშადი: ახლახანს დავბრუნდი, დარიალიდან, სასესხო ხელშეკრულებას ხელი 5 წლის წინ მოვაწერეთ, თუმცა აქამდე დარიალის პროექტი ნანახი არ მქონდა. დარიალი არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ გარემოსადმი მეგობრული, მდგრადი და განვითარებადი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დარიალი იყო პირველი ჰიდროელექტროსადგური ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფის თვალსაზრისით. ასე რომ, დარიალჰესი რჩება ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო პროექტად საქართველოში. ვნახეთ ახლად დარგული ხეები, ვნახეთ ახლად აშენებული ტაძარი. პროექტის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების შემოსავალი გაორმაგდა. ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ამაღლდა კვალიფიკაცია, სტუდენტები ჩამოდიან და სწავლობენ პროექტის სპეციფიკას. დარიალი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განახორციელო პროექტი, ისე რომ შეინარჩუნო გარემო და მიიღო სარგებელი.
გიორგი ისაკაძე: EBRD-ისთვის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პორტები. საქართველო მუშაობს მესამე - ანაკლიის პორტის განხორციელებაზე, როგორც ვიცით, EBRD ჩართული ამ პროექტში. გაქვთ თუ არა ინტერესი ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის პორტი?
ნანდიტა პრაშადი: საქართველოს პორტები ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში ყოფნისას გამახსენდა თუ რა მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს აბრეშუმის გზაზე. საქართველო გლობალური ინტეგრაციისა და ვაჭრობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ადგილზეა. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა უნიკალურია. საქართველოს ზღვაზე წვდომა მნიშვნელოვანია არამხოლოდ თქვენთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვისაც. თქვენ გყავთ მეზობლები, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, ასე რომ ღრმაწყლოვან პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. ეს არის ის სფერო, რომლის მხარდაჭერაც გვსურს.

























