მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან

აურელიო დე ლაურენტისი

რომის პროკურატურამ “ნაპოლის” ნიგერიელი შემტევის ვიქტორ ოსიმენის 2020 წლის ტრანსფერზე გამოძიების ნაწილი დაასრულა და არსებობს იმის საშიშროება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყოს.

სამართალდამცველები დე ლაურენტისს ფინანსური ანგარიშების გაყალბებასა და ფეხბურთელების ფასების ხელოვნურად გაზრდაში ედავებიან. გამოძიება მიმდინარეობს დე ლაურენტისის ოჯახის სხვა წევრებისა და “ნაპოლის” მენეჯერების წინააღმდეგაც.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში დე ლაურენტისს გაამტყუნებენ მის გარდა, შესაძლოა “ნაპოლიც” დაისაჯოს, რადგან მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. 2023 წელს ტურინის “იუვენტუსს” მსგავსი დარღვევისთვის იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში 10 ქულა დააკლეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ვიქტორ ოსიმენი ფრანგული “ლილიდან” იტალიურ “ნაპოლიში” 71 მილიონ ევროდ გადავიდა, საიდანაც 50 მილიონი ევრო ფრანგულმა კლუბმა მიიღო, ხოლო დარჩენილი 21 მილიონად ოთხი ფეხბურთელის: ორესტის კარნეზისის, ლუიჯი ლიგუორის, კლაუდიო მანცის და ჩირო პალმიერი შეფასდნენ. სიტუაციას ის ფაქტი ხდის ბუნდოვანს, რომ ამ მოთამაშეებს აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ პროფესიონალურ დონეზე აღარ უთამაშიათ.

იტალიაში სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ კლუბების მიზანი იყო, ტრანსფერის თანხის ნაწილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიეწერათ, რათა ფინანსურ ფეარ პლეიში ისინი არ ასახულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები