2019 წლიდან ქვეყანა საყოფაცხოვრებო ნაჩენების დახარისხება-გადამუშავებაზე უნდა გადავიდეს. შესაბამის მოთხოვნებს მუნიციპალიტეტებს მყარი ნარჩენების მართვის შესახებ კანონმდებლობა და სამოქმედო გეგმა უწესებს. როგორც ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ ხელმძღვანელის მრჩეველი bm.ge -თან განმარტავს, სწორედ მუნიციპალიტეტები არიან ვალდებულნი ნარჩენების შეგროვება ფრაქციებად მოახდინონ და განახორციელონ მისი ტრანსპორტირება.
"ის, რაშიც სახელმწიფო ეხმარება მათ, კონტეინერების მიწოდებაა. მათ უკვე გაეგზავნათ გარკვეული რაოდენობისკონტეინერები. მართალია სრულად ვერ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები, მაგრამ ეტაპობრივად მოხდება იმ რაოდენობის მიწოდება, რაც მათთვის არის აუცილებელი. ყველას უკვე აქვს ნარჩენების მართვის გეგმა, იმ გეგმის მიხედვით უნდა განახორციელონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა’’-აცხადებს ხათუნა ჩიკვილაძე.
მისი თქმით, მყარი ნარჩენები მართვის კომპანიის ვალდებულებაა ნაგავსაყრელების მართვაა. ჩიკვილაძის თქმით, დაწყებულია მუშაობა და 2023 წლისთვის საქართველოში 10 თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი მოეწყობა.
"ახალი ნაგავსაყრელების ნებართვის აღების პროცესში ვართ. წელს გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობის პროცესი. 2019 წლიდან ვფიქრობთ, რომ უკვე ქვემო ქართლის იგივე პროცედურებს გავივლით. ასევე იქნება კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ შიდა ქართლი, მცხეთა -მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი", - აცხადებს ჩიკვილაძე.
რაც შეეხება ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტს, როგორც ცნობილია, ასეთი პროექტი ლილოში განხორციელდება. ჩიკვილაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტებს ამ ეტაპზე არ აქვთ ის მოცულობები, რომ მსგავსი პროექტი რეგიონებშიც განხორციელდეს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი არ გამორიცხავს, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა მას შემდეგ აშენდეს რეგიონებშიც, რაც ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელები მოეწყობა.
"რაოდენობრივად არ არის რეგიონებში იმდენი ნარჩენი, რაც ქარხანას სჭირდება. 100 ტონა მაინც უნდა იყოს დღიურად, რა რესურსიც მუნიციპალიტეტებს ამ ეტაპზე არ აქვთ", - აცხადებს ჩიკვილაძე.