მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი შეჩერებულია

5abcdd349d5be
ელენე გოგბერაშვილი
29.03.18 16:32
2719
თბილისის მერიასა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განმახორციელებელ კომპანია "კა დე ვე ჯორჯიას" შორის კონტრაქტი ძალაში გასული წლის ოქტომბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა კონტრაქტში შესწორებები უნდა შევიდეს, რასაც კომპანია უკვე 5 თვეა ელოდება. როგორც "კა დე ვე ჯორჯიას" ხელმძღვანელი BM.GE-თან აცხადებს, კონტრაქტის ამოქმედებამდე ხელშეკრულებაში ნარჩენების მართვის სტრატეგია უნდა გაითვალისწინონ.

"მერია აცხადებს, რომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ. ამ პროცესს გასული წლის 11 ოქტომბრიდან ველოდებით. კონტრაქტის მიხედვით, პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუშაობის შესაძლებლობა არ გვეძლევა და ქარხნის სატესტო რეჟიმში გაშვება გადაიწევს", - აცხადებს ვაჟა სამადბეგიშვილი.
მისი თქმით, შესაბამისი დანადგარების შესასყიდად კომპანიას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან, გადარიცხულია თანხები, თუმცა მერიის მხრიდან დროული გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო ვადები 9-ჯერ შეცვალა კომპანიამ.

"ამ პროცესის გამო ვზარალდებით. ჩამოსული იყვნენ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აშშ-და და გერმანიიდან. ისინიც შეწუხებული არიან, რომ პროექტის დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება’’-აცხადებს სამადბეგიშვილი.

რატომ ვერ დაკორექტირდა ამ დრომდე კონტრაქტი და კონკრეტულად რა ცვლილებებზე საუბარი, ამ კითხვით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ. მათ გარემოს დაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ შესაბამის ცვლილებებზე მუშაობენ და ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ლილოში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის ღირებულება 81 მილიონი დოლარია. პროექტი ორ ტერიტორიას მოიცავს - ნაწილი თბილისის მუნიციპალიტეტშია, ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შეგროვებულ ნარჩენებს გადაამუშავებს. მოეწყობა ასევე საბურავების გადამამუშავებელი ქარხანა და ამ მიმართულებით 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. კომპანია გეგმავს, ნარჩენების გადამუშავებიდან მიღებული ბიტუმი და დიზელი სრულად ექსპორტზე გაიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები