"ნარჩენების მართვის მოქნილობა და დახვეწილობა პირდაპირი ინდიკატორია ქვეყნის განვითარების", - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია "პოლივიმის" კომერციულმა მენეჯერმა, ბექა ფონჯავიძემ განაცხადა.
იგი BMG-სთან განმარტავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავება სტანდარტად იქცეს.
"[ნარჩენების გადამუშავებისთვის] ცალკე სახელმწიფო, ცალკე კერძო სექტორი და ცალკე მოქალაქე ვერაფერს გახდება, ძალიანაც რომ გულანთებული იყოს და უნდოდეს, რომ პლასტმასა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ გადააგდოს. ყველა უნდა მოქმედებდეს კოორდინირებულად, ქვეყანაში უნდა იყოს გადამმუშავებელი ქარხანა, უნდა იყოს სეპარირებული შეგროვება.
არ შეიძლება, რომ საყოფაცხოვრებო და რეციკლირებადი ნარჩენი ერთად იმარხებოდეს ნაგავსაყრელზე, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გაფლანგული ნედლეულია, მეორეც, ფინანსურ რესურსს უფრო მეტს ხარჯავ, მაშინ, როცა შეიძლება, შემოსავლის წყაროდ აქციო, გარემოზე მავნე ზემოქმედება კიდევ ცალკე საკითხია", - ამბობს ფონჯავიძე.
მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ამოქმედდეს, რათა კერძო სექტორმა ნარჩენების მართვაში თავისი წვლილი შეიტანოს.
"საქართველოშიც უნდა კონტროლდებოდეს მწარმოებლის ვალდებულება, მწარმოებელი უნდა უზრუნველყოფდეს აღრიცხვას, რა რაოდენობის პოლიმერული თუ სხვა ტიპის ნარჩენი წარმოქნა. რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა შეიქმნას ინფრასტრუქტურა, ერთიანი ატმოსფერო და ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ვიმოქმედებთ მთლიანად საზოგადოება.
ყველა ამ გარემოში ვცხოვრობთ, ჩვენი ქვეყანაა, ნარჩენების მართვის მოქნილობა და დახვეწილობა პირდაპირი ინდიკატორია ქვეყნის განვითარების. რომ ავიღოთ წარმატებული ქვეყნები ამ კუთხით, რომლებმაც ჩვენამდე გაიარეს ეს გზა, ყველა განვითარებული ქვეყანაა. ვერ ნახავ განვითარებულ ქვეყნებს, სკანდინავიასა და დასავლეთ ევროპაში, სადაც ნარჩენების მართვა ქაოსურია", - აღნიშნავს ბექა ფონჯავიძე.
"პოლივიმი" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანია პლასტმასის ნარჩენებს გადაამუშავებს, გადამმუშავებელი საწარმო კი რუსთავში მდებარეობს. გადამუშავებული ნედლეულის 50% ექსპორტზე გადის, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში.