მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარენდრა მოდი, ხავიერ მილეი… - ვინ არიან ყველაზე პოპულარული სახელმწიფო ლიდერები?

მსოფლიო ლიდერები

მსოფლიო ლიდერების რეიტინგი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის აზრზეა დამოკიდებული. Morning Consult-მაც სწორედ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გააანალიზა და ივლისის თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ლიდერების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში სია მუდმივად ცვალებადია და მისი წევრები ხან მოწინავე, ხან კი პირიქით დაბალ საფეხურზე გვევლინებიან, მუდმივ პირველობას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ინარჩუნებს. მის მმართველობას დადებითად მოსახლეობის 75% აფასებს, უარყოფითად კი ინდოელების 18%-ია განწყობილი. ინდოეთის პრემიერ მინისტრის - 2024 წლის ხელახალი არჩევა შიდა ნდობის განმტკიცების დასტური იყო, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა და ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ. როგორც რეიტინგის ავტორი განმარტავს, ნარენდრა მოდის უარყოფითი შეფასება კავშირშია მის ხანგრძლივ მმართველობასთან. მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელია, რომ ინდოეთის პრემიერი ამ პოზიციას 2014 წლიდან იკავებს.

მაღალი რეიტინგის მქონე მსოფლიო ლიდერებს შორის მეორე პოზიციაზეა - სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, ლი ჯე მიონგი. მოსახლეობის 59% მის მმართველობას დადებითად აფასებს, ზოგადად, ლი ჯე მიონგის დადებითი რეიტინგი განპირობებულია მისი პროაქტიური მიდგომით, ეკონომიკური დაპირებებით და იმით, რომ ცდილობს საზოგადოების კონსოლიდაციას მისი წინამორბედის ქაოსური მმართველობის შემდეგ. საუბარია - იუნ სუკ იოლიზე, რომელიც იმპიჩმენტის შემდეგ თანამდებობიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადების მცდელობის გამო გადააყენეს.

საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს - არგენტინის პრეზიდენტი - ხავიერ მილეი. მოსახლეობის ნახევარზე მეტი მის მმართველობას დადებითად აფასებს. 2023 წელს, მას შემდეგ რაც მან ქვეყნის მმართველობა გადაიბარა - საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქვეყანას მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისისგან, მაღალი ინფლაციისა და კორუფციისგან იხსნიდა. მილეის რადიკალური ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება და პრივატიზაცია, მის მხარდამჭერებში მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას. ადამიანებში, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯები საბოლოოდ არგენტინის ეკონომიკას დადებით ეფექტს მოუტანს.

მაღალი რეიტინგით სარგებლობს კანადის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი. ის მრავლისმთქმელი გამოცდილების მქონე ეკონომისტი და ფინანსისტია, რომლის ძირითადი აქცენტი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობაა. როგორც ჩანს მის ხედვებს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს, რადგან რეიტინგში კარნის დადებითი შეფასება - 56%-ს აღწევს. საზოგადოება მას კომპეტენტურ და სანდო ლიდერად აღიქვამს, რომელსაც შეუძლია ქვეყნის რთულ პერიოდში მართვა.

ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიდერების რეიტინგს - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ავსებს. ენტონი ალბანეისი პოპულარული მმართველების სიის სათავეში ხშირად გვევლინება. საზოგადოების 54%-იანი მხარდაჭერა მის რეფორმებს უკავშირდება. მისი ინიციატივით ქვეყანაში შემცირდა გადასახადები, ამასთან, მოხდა ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება. სტუდენტებს კი სტუდენტური ვალები შეუმსუბუქდათ.

ლიდერების გაზრდილი რეიტინგის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საზოგადოების მხოლოდ 44% აფასებს დადებითად, ხოლო მისი საქმიანობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 50%. 2024 წელს თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ, ის ეკონომიკური არასტაბილურობისა და საზოგადოების პოლარიზაციის პოლიტიკური ცვლილებების გამო გააკრიტიკეს.

კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მას საზოგადოების მხოლოდ 18% აფასებს დადებითად, 74% კი მისი მმართველობით უკმაყოფილება. ეს სავარაუდოდ შრომის ბაზარზე მიმდინარე არეულობასა და არაპოპულარულ საპენსიო რეფორმებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები