მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ,,კოკაინი“, ,,ჰეროინი“, „ალფა პვპ“, ,,ბუპრენორფინი“, ,,მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი ,,მარიხუანა“ - ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.




























