ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.
უწყების ცნობით, ახალი სტაციონარი 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლფონდის პერიოდულად გაზრდა იგეგმება.
"დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ გადაწყვიტა, აკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობას სახელმწიფომ აიღოს.