"ნარკოპოლიტიკის ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას"
BM.GE
14.05.18 21:25
• 812
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაითვალისწინებს მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას. პრემიერის განცხადებით, ხვალ შედგება შეხვედრა, რომელზეც მთავარი საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იქნება.
„მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალლდამცავები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება”, - ამბობს პრემიერი.