აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მისია Artemis III-ის ეკიპაჟის ოთხი წევრი წარადგინა. არსებული ინფორმაციით, კოსმოსურ ხომალდს მეთაურობას რენდი ბრესნიკი გაუწევს, პილოტი კი იტალიის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ლუკა პარმიტანო იქნება. მათთან ერთად მისიაში მონაწილეობას სპეციალისტები ანდრე დაგლასი და ფრენკ რუბიო მიიღებენ.
რაც შეეხება თავად მისია, ის 2027 წელს განხორციელდება. მის ფარგლებში, ხომალდი Artemis III დედამიწის დაბალ ორბიტაზე აფრინდება და იქ გაჩერდება. დასახელებული პროექტის მიზანი იმის გარკვევა იქნება, როგორ მოხერხდება დედამიწიდან აფრენილ ხომალდ Orion-ისა და უკვე ორბიტაზე მყოფი კერძო მოდულის უსაფრთხო დაკავშირება. შეგახსენებთ, Artemis IV-ის, ანუ შემდეგი მისიის ფარგლებში სწორედ კერძო კომპანიის მეირ შექმნილი მოდულით უნდა გაემგზავრონ ასტრონავტები მთვარეზე და დაეშვან მის ზედაპირზე.
Artemis III-ისთვის ერთ-ერთ სატესტო მოდულს მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin-ი ამზადებს. თუმცა, გასულ თვეში მათი რაკეტა New Glenn-ის აფეთქების ფონზე უცნობია, კვლავ ანდობს თუ არა NASA ბეზოსს საკუთარი ასტრონავტების სიცოცხლეს.
სააგენტოს ადმინისტრატორ ჯარედ აიზეკმანის განცხადებით, მიუხედავად მომხდარისა, მთვარეზე ადამიანების დაბრუნება 2028 წლის ბოლომდე მაინც შედგება. თუმცა დაეყრდნობიან თუ არა ისინი საბოლოოდ ილონ მასკის SpaceX-სს და მის ხომალდ Starship-ს, კვლავ გაურკვეველი რჩება.
შეგახსენებთ, რომ მისია Artemis II ორი თვის წინ წარმატებით დასრულდა. ამ მისიის ფარგლებში 4-მა ასტრონავტმა მთვარის გარშემო იმოგზაურა და კოსმოსში 10 დღე გაატარა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1970-იანი წლების შემდეგ, როდესაც ადამიანებმა მთვარესთან მიახლოება შეძლეს.




























