მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NASA-მ და Lockheed Martin-მა X-59-ის გამოცდა დაიწყეს

X-59

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაძლოა ზებგერითი ფრენის ეპოქა დაბრუნდეს. ამჟამად, ამ ტექნოლოგიაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტო და სამხედრო-ინდუსტრიული გიგანტი Lockheed Martin-ი მუშაობენ. X-59 - ასე ეწოდება ზებგერით თვითმფრინავს, რომლის გამოცდა აშშ-ის საჰაერო ძალების კალიფორნიაში მდებარე ბაზაზე დაიწყო. თვითმფრინავი არ არის განკუთვნილი კომერციული ფრენისთვის, მაგრამ თუკი ტექნოლოგია მუშაობს, მაშინ, შესაძლოა, Boeing-ი და Airbus-ი მის კომერციალიზაციაზე დაფიქრდნენ.

პირველ ეტაპზე, მეცნიერები თვითმფრინავის დამოუკიდებლად გადაადგილებას სწავლობენ, მაგრამ ნელ-ნელა X-59-ის გამოსაცდელი სიჩქარე გაიზრდება, მაგრამ ჰაერში მას, ჯერჯერობით, ვერ ვიხილავთ. დაბალსიჩქარიანი ცდების დროს, ინჟინრები და პილოტები აკვირდებიან, თუ როგორ იქცევა ზებგერითი თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე და როგორ მუშაობს მისი კრიტილული სისტემები, მათ შორის საჭით მართვა და მუხრუჭი. გამოცდის პერიოდი მანამ გაგრძელდება, სანამ ინჟინრები არ დარწმუნდებიან, რომ 100%-ით უსაფრთხო ტექნოლოგია შექმნეს.

ზებგერითი X-59 აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს Quesst-ის მისიის ქვაკუთხედია. თავად ამ პროგრამის მიზანი კი ჩუმი ზებგერითი თვითმფრინავის შექმნაა, რადგან მაღალ სიჩქარეებზე ფრენისთვის ბგერითი დარტყმაა დამახასიათებელი, რაც ამ ტიპის თვითმფრინავებს კომერციულად არამიმზიდველად აქცევს. აი, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამო, თავის დროზე, Concorde-ის პროგრამა შეჩერდა. ინფორმაცია, რომელსაც მეცნიერები ახლა მიიღებენ, კომპანიები და მარეგულიბლები მიიღებენ და, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს .

თავად X-59 საკმაოდ მიმზიდველი დიზაინის მქონე თვითმფრინავია, რომელიც მის დიდ ბაბუად წოდებულ Concorde-ის მსგავსია. თვითმფრინავი სიგრძეში 30-მეტრიანია, ფრთები კი არასრულ 9 მეტრზე ეშლება. თავად ფიუზელაჟი ძალიან ვიწროა, რაც წინაღობის კოეფიციენტს ამცირებს და შესაბამისად თვითმფრინავს მეტად აეროდინამიკურს ხდის. ასევე განსაკუთრებულია X-59-ის წვეტიანი ცხვირი, რაც ბგერითი დარტყმის მასშტაბს ამცირებს. X-59-ში General Electric-ის F414-ის ტიპის ძრავს ვხვდებით, რომელიც 1.4 მახის სიჩქარეს ავითარებს.

საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი თვითმფრინავებისგან განსხვავებით, X-59-ში არ არის წინა ფანჯარა. სამაგიეროდ, თვითმფრინავი ულტრათანამედროვე eXternal Vision System-ითაა აღჭურვილი, ანუ პილოტი თვითმფრინავს დაახლოებით ისევე მართავს, როგორც სიმულატორს, სადაც გამოსახულება 4K-ში გადმოიცემა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტზე NASA და Lockheed Martin-ი მუშაობენ, X-59-ში გამანადგურებლებიდან ამოღებულ არაერთ ნაწილს ვხვდებით, მათ შორისაა Northrop T-38-ის კატაპულტირების მექანიზმი და F-16-ის შასი. X-59-ის პირველი ფრენა, სავარაუდოდ, წელს შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები