ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ ლაზერების საშუალებით ინფორმაციის გაზიარება გამოცადა და როგორც აღმოჩნდა, ეს ტექნოლოგია მუშაობს. ექსპერიმენტის დროს, ცაში მყოფმა თვითმფრინავმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 4K-გარჩევადობის მქონე ვიდეო ლაზერის საშუალების გადასცა, ხოლო მოგვიანებით, იგივე ვიდეო კვლავ ლაზერის გამოყენებით მიიღო.
მეცნიერებმა თვითმფრინავი პორტატული ლაზერული ტერმინალით აღჭურვეს, ხოლო თავად თვითმფრინავმა ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ერის ტბას გადაუფრინა, ვიდეო გადაიღო და ინფორმაცია კლივლენდში მდებარე ცენტრს გადაუგზავნა. ეს პროცესი ნიუ-მექსიკოში, ანუ ერის ტბიდან 22,000 მილის დაშორებით მყოფი ლაზერით იმართებოდა, რომელმაც, მოგვიანებით, ვიდეო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნა.
როგორც NASA-ში ამბობენ, ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელსაც კოსმოსური სააგენტო Artemis-ის მისიების დროს პირდაპირი ეთერის მოსაწყობად გამოიყენებს, რათა ადამიანის დაბრუნება მთვარის ზედაპირზე მთელმა პლანეტამ იხილოს, თანაც მაღალი ხარისხით. ამასთან, სწორედ ეს ტექნოლოგია იქნება გადამწყვეტი დედამიწასა და მარსს შორის კომუნიკაციისთვის, როცა - და თუ - ადამიანი ოდესმე გადასახლდება წითელ პლანეტაზე. ამ დრომდე, დედამიწასა და კოსმოსს შორის უწყვეტი კომუნიკაციისთვის NASA რადიოტალღებს იყენებდა, მაგრამ ინფრაწითელი სხივების გამოყენებით 100-ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება, რაც უფრო სწრაფ უწყვეტ კავშირს ნიშნავს.
აქვე, ორიოდ სიტყვა იმ რამდენიმე კოსმოსურ მისიაზეც უნდა ვთქვათ, რომელთა დროს აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს დედამიწის თანამგზავრზე ადამიანის დაბრუნება სურს. პირველად, მოგეხსენებათ, მთვარე სწორედ ამერიკელებმა - ნილ არმსტრონგმა, ბაზ ოლდრინმა და მაიკ კოლინზმა მოინახულეს, ჯერ კიდევ 1969 წელს, Apollo 11-ის მისიის ფარგლებში. საბოლოო ჯამში, მთვარის ზედაპირზე თორმეტი ასტრონავტი არის ნამყოფი. ბოლოს, ამგვარი რამ 1972 წელს, Apollo 17-ის მისიის ფარგლებში მოხდა, როცა თანამგზავრზე ფეხი იუჯინ სერნანმა და ჰარისონ შმიდტმა დადგეს.
ამ მოვლენიდან თითქმის სამოცი წლის შემდეგ, ამერიკელები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავენ, ამჯერად Artemis-ის რამდენიმე მისიის ფარგლებში. ადამიანი მთვარეზე Artemis III-ის ფარგლებში დაბრუნდება, რაც ამჟამინდელი გეგმით, 2026 წელს უნდა მოხდეს. კონკრეტული ასტრონავტების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ, როგორც NASA-ში ამბობენ, Artemis III-ის ეკიპაჟის წევრებს შორის ქალს და შავკანიან ადამიანს ვიხილავთ, რაც ამ დრომდე მთვარესთან მიმართებით არასდროს მომხდარა. ამ მისიით აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს ახალი ტექნოლოგიების გატესტვა და მთვარის კოლონიზაციის პროცესის დაჩქარება სურს.