მკვეთრად იზრდება უმსხვილესი ამერიკული კომპანიების აქციების ფასებიც:
Apple: +8.9%
Microsoft: +8.2%
Google: +7.7%
Amazon: +12.2%
Berkshire: +5.1%
Tesla: +7.4%
Visa: +6.0%
Nvidia: +14.3%
MasterCard: +6.9%
Meta: +10.3%
ბირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია გუშინ აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან. უწყების ცნობით, ოქტომბერში აშშ-ის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.3%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.5%-ისა.
ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმუშევრობის დონე 3.5%-დან 3.7%-მდე გაიზარდა.
სამსახურიდან დათხოვნისა და დასაქმების მონაცემებს შორის ბალანსის დარღვევა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური ინდიკატორია.
საქმე ისაა, რომ FED-ი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე აქტიურად სწორედ უმუშევრობისა და დასაქმების მონაცემებს აკვირდება. დასაქმების ძლიერი ტენდენცია FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით აგრესიული ტემპით გაამკაცროს, უმუშევრობის დონის ზრდა კი - პირიქით, ის FED-ს აიძულებს, კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადაერთოს და რეფინანსირების განაკვეთი არა, მაგალითად, 75-100 საბაზრო პუნქტით, არამედ 25-50 პუნქტით გაზარდოს.
რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმუშევრობის დონის ზრდას ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის FED-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ზოგადად, კომპანიების აქციების, კრიპტოაქტივების, უძრავი ქონებისა თუ სხვა ტიპის აქტივების აღმასვლა პირდაპირაა დამოკიდებული FED-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო აქტივებში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ და მაქსიმალურად ცდილობენ არა ქონების ზრდას, არამედ მის შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.
საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 75-75 საბაზო პუნქტებით - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























