მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნატანებში გვექნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი" - "ნიკორა"

ნიკორა

"ნიკორამ", Galt&Taggart-ის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ₾120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ურუშაძე "საქმიანი დილის" ეთერში აღნიშნავს, ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

დავით ურუშაძის თქმით, ამჟამად კომპანიისთვის ყველაზე სტრატეგიული პროექტი ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაა, რომელთაგან ერთ-ერთი უკვე დაწყებულია, მეორე კი პროექტირების ეტაპზეა.

"მიმდინარე მომენტისთვის ჩვენი ყველაზე სტრატეგიული პროექტი არის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა, იმიტომ, რომ ყველა კვლევის მიხედვით, სულ რომ ჩვენს შიდა საჭიროებებს თავი დავანებოთ, საქართველოში ამდაგვარი ინფრასტრუქტურის ძალიან დიდი დეფიციტია. საუბარია 100%-ით შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ ლოგისტიკურ ცენტრებზე. ერთი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე იქნება ნატანებში, ავტობანის მიმდებარედ.

პირველი, აღმოსავლეთ საქართველოს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა უკვე დავიწყეთ. რაც შეეხება დასავლეთის ლოგისტიკურ ცენტრს, აქ ჯერჯერობით პროექტირების დონეზე ვართ. ნატანებში გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრი, არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში", - განაცხადა დავით ურუშაძემ.

მისივე თქმით, დარჩენილ 60 მილიონი ლარის ობლიგაციებს, მეორე ტრანშის სახით, კომპანია 2026 წლის მეორე ნახევარში განათავსებს.

კითხვაზე, რატო არის "ნიკორასთვის" ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი და რა უპირატესობას აძლევს ეს ინსტრუმენტი კომპანიას, ურუშაძე ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს.

"პირველ რიგში, ეს არის თვითონ ამ ვალის მომსახურების პროცესი, რომელიც არ საჭიროებს შუალედურ გადახდებს ძირის სახით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კაპიტალური დანახარჯები უფრო კომფორტულად განვახორციელოთ და გენერირებული სახსრები მთლიანად ამ პროექტებში მივმართოთ. და გარდა ამისა, ლარის სესხთან შედარებით ობლიგაციებს უფრო ნაკლები განაკვეთები აქვთ", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები