კომპანია "ნატახტარის" კომერციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, ლუდზე აქციზის გადახედვა მიმდინარე წლის ლუდის სეზონის დაწყებამდე, სავარაუდოდ, პირველ მაისამდე მოხდება.
როგორც ხუნძაკიშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა, ბიზნესომბუდსმენთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ლუდის აქციზის დაბეგვრის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, ლუდის აქციზი განისაზღვრება ალკოჰოლის შემცველობის და არა ლიტრაჟობის მიხედვით.
"წინასწარი პირობაა, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ სეზონის დაწყებამდე, ეს არის დაახლოებით პირველი მაისი. ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით აქციზის დაბეგვრა არის ევროკავშირის მოთხოვნა.
ამაზე მუშაობა მიმდინარეობს ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, ეკონომიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან, ბოლო შეხვედრა გვქონდა ერთი კვირის წინ და შემდეგი შეხვედრა იქნება ამ კვირაში",- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისივე თქმით, თუ სისტემა შეიცვლება, დიდია ალბათობა, რომ ლუდის ინდუსტრია დაბალალკოჰოლური სასმელის წარმოებაზე გადავიდეს, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებულია.
"ახალი რეგულაციის მთელი სიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მწარმოებელი თვითონ განსაზღვრავს, რა რაოდენობა ალკოჰოლი და შესაბამისად, რა გადასახადი იქნება. ეს გვაიძულებს, რომ უფრო დაბალალკოჰოლიანი ლუდი ვაწარმოოთ, რაც მოსახლეობისთვის უკეთესია. ევროპაში არის დაახლოებით 3,8-4%-იანი ალკოჰოლის ლუდი, ჩვენთან კი ძირითადად ალკოჰოლის შემცველობა 5%-ია“,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
"საქმის კურსს" ბიზნესომუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმაც დაუდასტურა, რომ ლუდის აქციზის გადახედვაზე მუშაობა „უახლოეს მომავალში“ მოხდება.
"ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ლუდის აქციზის ჰარმონიზაციის საკითხზე, იცვლება ლუდის აქციზის სტრუქტურა. განაკვეთის ოდენობაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, შეიძლება იგივე დარჩეს, ან შემცირდეს.
უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა ამ კანონპროექტზე და წარუდგენენ მთავრობას განსახილველად",- აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი "საქმის კურსთან".

























