ლუდზე აქციზის გადასახადის შემცირების საკითხზე მთავრობის საბოლოო პოზიციის მიღებას ბიზნესსექტორი მომავალ კვირას შეეცდება.
როგორც „ბიზნესკონტაქტს“ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ლუდზე აქციზის გადასახადის შემცირების საკითხზე 20, ან 21 ივნისს ბიზნესომბუდსმენთან და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანთან გიორგი გახარიასთან იგი შეხვედრას გეგმავს.
„მომავალ კვირას უნდა გვქონდეს საბოლოო პასუხი აქციზის გადასახადის გადახედვაზე. როგორც იცით, ახლა არის 1 ლიტრზე 60 თეთრი, ლუდის მწარმოებელი ინდუსტრია კი – 50 თეთრამდე შემცირებას ვითხოვთ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლიელბების პაკეტი უკვე მზად არის და ახლა სხვადასხვა სამინისტროები განიხილავენ. ჯერ მთავრობის სხდომაზეც არ არის გასული, შესაბამისად – არც პარლამენტშია გადაგზავნილი“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის თანხმობის შემთხვევაშიც კი აქციზის გადასახადის შემცირება წელს ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
„გასაგებია, რომ ამ ცვლილების ამოქმედება მომავალ წლამდე ვერ მოესწრება, რადგან პარლამენტმა პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა და ჩვენთვის ახლა არავის ცხელა. უბრალოდ გვინდა პირობა მივიღოთ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან აქციზის გადასახადის ახალი ოდენობა ძალაში შევიდეს“, – აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა.

























