საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზის გაშვების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა. სულ აღნიშნულ მხარეში გაზიფიცირებულია 11 მუნიციპალიტეტში 204,229 აბონენტი.
ნათია თურნავასთან ერთად, გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში ასევე მიიღეს მონაწილეობა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ.
„2013 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო გაზიფიცირების პროგრამა და კერძო კომპანიებთან ერთად ჩაერთო ძალიან აქტიურ გაზიფიცირებაში. ამის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირების ტემპი პრაქტიკულად გასამმაგდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, იმერეთის მხარის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია და ბევრ სოფელში, რთული რელიეფის მიუხედავად, გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს. ნათია თურნავას განცხადებით, სამუშაოები, რომლებიც ამჟამად რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
იმერეთის მხარეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმ სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა შესაბამისი პროექტი უკვე შედგენილია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლებიც ასეთი სოფლებში პროექტირების სამუშაოებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, სადაც ნათია თურნავა მოსახლეობას შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალშუაა, სადაც გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები 2019 წლიდან დაიწყება.