მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა  ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

თურნავა
02.05.24 10:37
228

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“.

დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიეტუვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. აღნიშნულ პანელს მოდერატორობას ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მაი გაუწევს.

ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სებ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება კამბოჯის ეროვნულ ბანკთან, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტთან და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობას ასევე მიიღებს „საქართველოს ბანკის“ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - ტექნოლოგიის როლი ინკლუზიური ფინანსების ხელშეწყობასა და კლიენტების მდგრადობის ხელშეწყობაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრები სსფ-ს ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში, 2-დან 5 მაისამდე გაიმართება. წლიური შეხვედრის სლოგანია: „ხიდი მომავლისკენ“. ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური პანელური სესიები, პარალელური პანელური დისკუსიები და შეხვედრები. მაღალი დონის სესიების პანელებზე დისკუსიები გაიმართება გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თბილისი 68 ქვეყნის დელეგაციას და 4000-მდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება.

წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები