მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ნათია თურნავა

კონკურენციის განვითარებას ცალსახად უწყობს ხელს, როდესაც ჩნდება უფრო მსხვილი მესამე საბანკო ინსტიტუტი - ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა “ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენას.

როგორც საკითხის შეფასებისას BMG-ის თურნავამ განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის გარიგებაზე საბოლოო თანხმობა ერთი კვირის წინ გასცა.

სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გარიგებაში ძალიან ბევრი დეტალია გათვალისწინებული, მათ შორის ის, რომ ორივე ბანკის მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული იყოს.

მისივე თქმით, მარეგულირებელში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გაერთიანების შემდეგ საბანკო სექტორს უფრო მეტად დაეტყობა გაზრდილი კონკურენცია.

„ეროვნულმა ბანკმა, ჩვენმა შესაბამისმა კომიტეტმა ეს გარიგება დადებითად შევაფასეთ და ამ გარიგებაზე თანხმობა ერთი კვირის წინ გავეცით კიდევაც. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბანკებთან ერთად ამ გაერთიანების თუ შერწყმის, ნასყიდობის პირობებზე თითქმის ორი წელია ვმუშაობთ. მათ რამდენიმეჯერ მოგვმართეს, შემდეგ შეიცვალა პირობები. ეს ხომ ძირითადად მაინც ორი მხარის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

რასაც კანონი გვავალდებულებს, ჩვენ შევაფასეთ ამ შესაძლო გარიგების, მაშინ ჯერ კიდევ პოტენციური გარიგების გავლენა საქართველოში ფინანსური ბაზრის კონკურენტულ მდგომარეობაზე და შევაფასეთ პოზიტიურად, იმიტომ რომ კონკურენციის განვითარებას ცალსახად უწყობს ხელს, როდესაც ზომით მესამე და მეოთხე ბანკი ერთიანდება და ჩნდება უფრო მსხვილი მესამე საბანკო ინსტიტუტი.

რასაკვირველია, თუ შევადარებთ ჩვენ ზომით ორ წამყვან ბანკს, ზომა ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ არის კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ ბაზარზე მესამე - უფრო სერიოზული მოთამაშე გაჩნდეს. კონკურენცია ყოველთვის კარგია, რასაკვირველია, იმიტომ რომ პირველ რიგში, ის იწვევს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საბანკო პროდუქტზე, უფრო მისაღები დანახარჯებით, მისაღები ფასებით, ანუ საპროცენტო განაკვეთების დაწევას, საკომისიოების შემცირებას და ა.შ.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მესამე ბანკი, ახლა უკვე „ბაზისბანკი“ და „ლიბერთი“ ერთიანად, უფრო აქტიურები გახდებიან ბაზარზე და უფრო მეტად დაეტყობა ჩვენს ბაზარს გაზრდილი კონკურენცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებოდით და მივესალმებით კიდევაც ამ გარიგებას. ძალიან ბევრი დეტალი არის გათვალისწინებული. პირველ რიგში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე ბანკის მომხმარებელი მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული და ეს ასეც არის საბოლოო ჯამში - ამ გარიგების სტრუქტურა ამ კუთხით საკმაოდ კარგად არის დამუშავებული.

გარკვეული პერიოდი გავა, ვიდრე საბოლოო შერწყმა მოხდება. კარგია, რომ ეს არის უცხოური ინვესტიცია. იცით, რომ „ბაზისბანკი“ ეს არის ჩინური ბანკი, ის არ არის ახალი ინვესტორი ბაზარზე, მაგრამ ეს მომავალში ახალი უცხოური დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაა, რადგან მათ უნდა გააფართოონ ეს ბანკი და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პოტენციალი სრულად იქნება რეალიზებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები