საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის (CIPS) პრეზიდენტს ფუ ჰუანგს ონლაინ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს, ასევე შეაჯამეს მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის CIPS-თან თანამშრომლობის პროგრესი. სებ-ის თანახმად, მხარეებს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წელს ნაყოფიერი იყო.
"შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართული ბანკების აქტიურ თანამშრომლობას CIPS-თან გადახდების მიმართულებით. აღსანიშნია, რომ CIPS-ს პირდაპირი წევრობისთვის არაერთმა ქართულმა კომერციულმა ბანკმა მიმართა და ამ ეტაპზე მათი განაცხადების დამუშავება მიმდინარეობს.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომდევნო წელსაც გააგრძელოს თანამშრომლობა როგორც ეროვნულ ბანკთან საგადახდო სისტემის დაახლოების კუთხით, ასევე ქართულ კომერციულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით.
აღსანიშნია, რომ ქართული ბანკების ნაწილი ჩართულია CIPS-ის საგადახდო სისტემაში როგორც არაპირდაპირი მონაწილეები საკორესპონდენტო ჩინური ბანკების მეშვეობით. წელს პირველად დაიწყო რიგი ქართული კომერციული ბანკების განაცხადის განხილვა პირდაპირ წევრობასთან დაკავშირებით, რაც უფრო ეფექტურის გახდის თანამშრომლობას და გამორიცხავს იუანში განხორციელებული ტრანზაქციების დროს ზედმეტ საშუამავლო რგოლებს.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სხვა ქართულმა კომერციულმა ბანკებმაც ისარგებლონ. CIPS-ში ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყენებული ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემების დივერსიფიკაციას და მხარს დაუჭერს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ ტენდენციას,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რა არის CIPS-ი
CIPS — ანუ China's Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).
CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე.
CIPS- ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება.




























