მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ელექტროგენერაციის ახალი, გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტების მშენებლობას"

5e2189b9d8d91
BM.GE
17.01.20 14:16
703
„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის“ თბოსადგურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით შესრულებული თბოსადგური, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტ ენერგომომარაგებას“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ქვეყნისთვის ენერგეტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტია, განსაკუთრებით არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით. „ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას. 2019 წელს დავიწყეთ ეს რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, შევიმუშავეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას - სწორედ ასეთი ობიექტია ეს თბოსადგური, რომელიც დღეს გავხსენით და ექსპლუატაციაში შევა“, - განაცხადა მინისტრმა.

გარდაბანში დღეს მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები