„ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი მოვისმინეთ გუშინ, სიმართლე კი არის ერთი: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უკვე გაუქმდა, არ იყო სამშენებლო ნებართვა - ეს იყო მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი, რომელიც, ამასთან ერთად, დარღვევით იყო გაცემული და უკვე გაუქმებულია. ამ დოკუმენტის გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ჩემთან" - ეს განმარტება ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ გააკეთა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნათია თურნავას შეფასებით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტი არ იყო სამშენებლო ნებართვა, აშკარად გადაჭარბებული იყო ინვესტორის მიერ გამოხატული რეაქცია და აჟიოტაჟი, რაც აზიანებს ანაკლიის პროექტს.
„გარდა ამისა, სამწუხაროა, რომ იმდენი სახელი და გვარი დასახელდა გუშინ, რომლებიც თითქოს პორტთან კავშირში ფიგურირებენ, რომ თავად ფოთის პორტის მმართველი კომპანია დარჩა გაკვირვებული, თურმე რამდენი „პარტნიორი" ჰყოლია საქართველოში", - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ წინ ღამით ფოთის პორტის მმართველმა კომპანია APM Terminals-მა გაავრცელა განცხადება, რომ მათ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტისთვის სამშენებლო ნებართვა მიიღეს. აღნიშნულზე მეორე დღესვე გააკეთა განმარტება ეკონომიკის სამინისტრომ და ნებართვა გააუქმა, ამასთან, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც უშუალოდ გასცა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი.

























