ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რუსული გაზი საქართველოში მხოლოდ კომერციულ სექტორშია წარმოდგენილი და ისიც, მცირე მოცულობებით. ამის შესახებ მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში განაცხადა.
"რაც შეეხება კომერციულ სეგმენტს – ამ სეგმენტში, ბიზნესში, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ შედეგს ხედავთ, ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება, მათ შორის მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც და ახლა მართალია, მცირე დოზით, სულ 5% ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია. 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება, ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის და აქედან გამომდინარე, ალტერნატივის არსებობა კომერციულ ბაზარზე ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპიროებებული.
"გაზპრომის" რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი", – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ "გაზპრომ–ექსპორტსა" და საქართველოს შორის რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება მოქმედებს. ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტის გაზრდილ საფასურს იღებს, ბუნებრივი გაზის ფასი კი შემცირებულია მათთვის, ვინც რუსული გაზის შეძენას მოინდომებს.

























