მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნათია თურნავა IMF-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

IMF

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

"ნათია თურნავამ, სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მედეგია, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკი 4,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის საერთაშორისო რეზერვებს ფლობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობას და მაღალ მოგებიანობას, ძლიერ კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერებს.

თავის მხრივ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა", - წერია პრესრელიზში.

სებ-ის გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამის შესახებ, რის შესახებაც 2023 წელს გახდა ცნობილი.

IMF-თან პროგრამის ქონა ჩვენი თვითმიზანი არ არის - გიორგი კაკაურიძე

ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.

2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები