საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონურ ჰოლდინგ Gojo & Company-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ტაეჯუნ შინს შეხვდა. სებ-ის ინფორმაციით, ნათია თურნავამ იაპონელ ინვესტორს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო.
ამასთან, თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრად საბანკო სექტორზე. სებ-ის ცნობით, თავის მხრივ, Gojo & Company-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც ქართულ საფინანსო სექტორში პირველი იაპონური ინვესტიცია უკვე განახორციელა და კრედო ბანკის 16.8%-იან წილს ფლობს, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურად მზარდ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება.
„საერთაშორისო ინვესტორებს იზიდავთ საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და სექტორის მდგრადობა ნებისმიერი გარე გაურკვევლობისა თუ შოკების მიმართ. იაპონელი ინვესტორი საფინანსო სექტორში ყველა ქვეყნისთვის სასურველია. ეს ქვეყანა ცნობილია საფინანსო სექტორის სიმყარით და ინვესტირების ხანგრძლივი ტრადიციებით, რომლებიც სტაბილურად და მუდმივად ზრდიან თავიანთ დაფინანსებას ქვეყნებში. Gojo & Company-ის გეგმები საქართველოში გრძელვადიანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს წარმატებაში. იაპონელი ინვესტორები გრძელვადიანი ხედვით და თანამშრომლობისადმი ერთგულებით გამოვირჩევით. ვგეგმავთ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა ტაეჯუნ შინმა.
სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგი Gojo & Company-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტაეჯუნ შინი საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.




























